ეკონომიკა
02/06/2021

კოვზანაძე გვენეტაძეს: ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია, სებ-ის, მთავრობის თუ საქსტატის

პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს აინტერესებს 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელი ვისი დამსახურებაა. კომიტეტის სხდომაზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტი 2020 წლის ანგარიშს წარადგენს, ირაკლი კოვზანაძემ კობა გვენეტაძეს კითხა ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის ინფლაცია 2.4% ეროვნული ბანკის, მთავრობის თუ საქსტატის.

"ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას და მიზანს ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ანუ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე (მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და ა.შ.).

საქსტატის მონაცემებით 2020 წელს ინფლაციამ შეადგინა 2.4%, თუმცა მთელი 2020 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იყო. ინფლაციამ პიკს აპრილში მიაღწია და 6.9% შეადგინა, საშუალო წლიური - 5.2% იყო. წლის ბოლოს, დეკემბერში ინფლაცია მკვეთრად 2.4%-მდე შემცირდა, რაც, ძირითადად გამოწვეული იყო იმით, რომ საქსტატმა მოქმედი მეთოდიკის საფუძველზე, ინფლაციის მაჩვენებელი შეამცირა ზამთრის თვეებში მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირების ნაწილით, ეს კი 1.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. (მე არ ვეხები ეხლა ეს მეთოდიკა რამდენად სწორია, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამის ირგვლივ).

სხვანაირად, რომ ვთქვა - რომ არა მთავრობის მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირება და შემდეგ მეთოდიკაში მისი გამოკლება, ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენ გვექნებოდა დაახლოებით 5.2-5.3%. ანუ ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით მეტი.

ჩემი კითხვაა - ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის ინფლაცია 2.4% ეროვნული ბანკის (რომლის ძირითად ამოცანასაც სწორედ ინფლაციის მართვა წარმოადგენს) თუ მთავრობის თუ საქსტატის რომელმაც 1.9% გამოაკლო?" - მიმართა სებ-ის პრეზიდენტს ირაკლი კოვზანაძემ.

Businesspartner