ეკონომიკა
26/02/2021

ლადო პაპავა: ვიდრე მედიცინა კორონავირუსს არ დაამარცხებს, ეკონომიკური კრიზისი ვერ დასრულდება

პროფესორი ლადო პაპავა „ბიზნესპარტნიორთან“  საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.

მისი ინფორმაციით, მსგავსი სურათი მოსალოდნელი იყო და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს - 2020 წლის იანვარი იყო ჩვეულებრივი თვე, პანდემიის გარეშე.

„საქართველოში პირველი ინფიცირებული მხოლოდ თებერვლის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ იყო, ქვეყანა ჩეულებრივ რეჟიმში ვითარდებოდა. ამიტომ, თუ შევადარებდით 2021 წლის იანვარს და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, ბუნებრივია, ვარდნა დრამატული იქნებოდა. ეკონომიკის 11.5%-იანი შემცირება ადეკვატურია იმ სიტუაციის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, რომ ამ პერიოდების შედარება რაიმე განსაკუთრებული დასკვნის საშუალებას არ გვაძლევს,“ - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა.  

მისივე განცხადებით, ვიდრე მედიცინა კორონავირუსს არ დაამარცხებს, ეკონომიკური კრიზისი ვერ დასრულდება.

„სსფ-ს და მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2021 წლის ბოლოს ექნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. თუმცა, მე არამარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიო ეკონომიკის მიმართ ვარ სკეპტიკურად განწყობილი. ამის მიზეზი შემდეგშია - მედიკოსებს ჯერ ბოლომდე ვერ გაურკვევიათ რას ნიშნავს კორონავირუსი, როგორ უნდა ებრძლონ მას, არც ის არის ბოლომდე ცნობილი, რამდენად ეფექტიანია კოვიდ ვაქცინები, ვერ ამბობენ რა ვადიან იმუნიტეტს იძლევიან ისინი. მედიკოსები სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რაიმე დამაიმედებელს კორონავირუსთან დაკავშირებით ვერ ამბობენ.

ერთადერთი გზა კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის არის ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვა, ეს კი ეკონომიკის მთელი რიგი სექტორების ჩაკეტვას იწვევს. აქედან გამომდინარე, თუ მედიცინამ არ იცის როდის დაამარცხებს კორონავირუსს როგორც დაავადებას, ჩვენ ეკონომისტები ვართ მძევალი მედიკოსების, შესაბამისად, სანამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ დაძლევენ კორონავირუსს, მანამდე ეკონომისტები ვერანაირ პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა გამიხარდება, რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, თუმცა, ეს შეუძლებელია სანამ არ დასრულდება კორონავირუსის პანდემია,“ - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

დეკემბერში ეკონომიკური ვარდნა 7,9% იყო, ნოემბერში - 7.7%, ოქტომბერში 3.9%.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021