ეკონომიკა
11/06/2021

ლაშა ხუციშვილი: ლარის კურსის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია

რა ნიშნულამდე მივა ლარის კურსი, ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პროგნოზს ვერ აკეთებს.

თუმცა, მან ისაუბრა, რამ იმოქმედა ბოლო პერიოდში ლარის გამყარებაზე.

“ლარის კურსთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს, არა იმიტომ, რომ პროგნოზების გაკეთება არ უნდა, ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან მიმართებაში პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, იმ ფაქტორებზე, რაც ლარის კურსზე მოქმედებს.

აპრილიდან აბსოლუტურად ახალი რეალობა გვაქვს ეკონომიკაში და შესაბამისად, ეს რეალობა აისახა ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსზე. კონკრეტულად ეს არის აპრილში 45%-მდე ეკონომიკური ზრდა, 4 თვეში კი, 8.1%. 2019 წელთან მიმართებაში კი, 21%-იანი ეკონომიკური ზრდაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტის მონაცემები. მნიშვნელოვანი ზრდა იყო გადმორიცხვების ნაწილში. ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორზეა გადანაწილებული, რაც ბუნებრივია ლარის კურსზე დადებითად აისახება. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. არასტაბილურობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ სტაბილურობას და ვალუტის კურსს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მთავრობის ქმედებებისადმი“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მას “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

Businesspartner