ეკონომიკა
08/09/2020

ლექსო ალექსიშვილი: ბიზნესმა ახალ რეალობაში ადაპტაცია დაიწყო

საკონსულტაციო კომპანა PMCG-ის გენერალური დირექტორი ბიზნეს სექტორში პოზიტიურ ძვრებს ხედავს. ლექსო ალექსიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ ბიზნესსა და ეკონომიკაში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.

PMCG-ის დამფუძნებელმა ბიზნესის განწყობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან ივლისში ბიზნესის გამოკითხვამ პოზიტიური ნიშნები პირველად აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები არ დასრულებულა, თუმცა ბიზნესმა უკვე ახალ რეალობაში ადაპტაცია დაიწყო.

ამას ადასტურებს BAG ინდექსი, რომელზეც PMCG-ი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მუშაობს.

„კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა. იანვრის ბოლოს ბიზნესის განწყობები იყო ძალიან პოზიტიური, ეს იმდენად პოზიტიური იყო რომ მოულოდნელიც კი აღმოჩნდა ყველასთვის - ეს იყო მოლოდინები ეკონომიკური ბუმისკენ.

შემდეგი კვლევა აპრილში, თითქმის საკარანტინო მდგომარეობის დროს ჩატარდა და BAG ინდექსი მკვეთრად ნეგატიური იყო, რასაც მოყვა კიდეც ვარდნა.

ივლისში ჩატარებულმა კვლევამ ახალი სურათი დაგვანახა და პირველად გამოჩნდა პოზიტიური ნიშნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაცია დალაგდა, პრობლემა დამთავრდა და ყველაფერს ვიწყებთ თავიდან... რა თქმა უნდა, ასე არ არის. მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაურკვევლობა ძალიან დიდია და სწორედ გაურკვევლობა ქმნის ეკონომიკაში პრობლემებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბიზნესი უკვე იწყებს ადაპტირებას არსებულ რეალობასთან, ის იწყებს სურათის შეგრძნებას და ამ სურათის მიხედვით მოლოდინების დალაგებას, ნაბიჯების გადადგმას. ბიზნესი ძალიან მნიშვნელოვანი ცოცხალი ორგანიზმია და როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, რადგან ის არის ეკონომიკაში მთავარი მოთამაშე“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

მისივე თქმით, მდგომარეობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენადაც არ ვიცით როგორი იქნება მეორე ტალღა.

რაც შეეხება იმას თუ რა იგულისხმება ბიზნესის ადაპტირებაში, ალექსიშვილი განმარტავს, რომ პანდემიის დასაწყისში როდესაც კარანტინი გამოცხადდა და რეგულაციები დაწესდა, ეს ბიზნესისთვის იყო შოკი.

„მნიშვნელოვანია, რომ კარატინის პერიოდში გარკვეულმა ინდუსტრიებმა გააგრძელეს მუშაობა, საოფისე მუშაობა ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეჩერდა, ანუ ბიზნესმა არსებობა კი არ შეწყვიტა არამედ სხვა ფორმით გააგრძელა მუშაობა. ბუნებირვია, იყო ისეთი სექტორები, რომელსაც არსებულ რეალობაზე მოსარგებად დრო დასჭირდა, თუმცა ამ შოკის შემდეგ ბიზნესის ყველა მიმართულება მიხვდა როგორ გადაეწყოთ საქმიანობა და შეექმნათ დამატებული ღირებულება“, - განაცხადა ალექსიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმმა და ტურიზმთან ირიბად დაკავშირებულმა სექტორებმა მიიღეს. ამ დროისთვის ამ შემთხვევაში მდგომარეობა რთულია, რამდენადაც შიდა ტურიზმი ვერ იქნება საერთაშორისო ტურიზმის დამაბალანსებელი და იქედან გამომდინარე რომ მთლიანობაში მშპ-ში ტურიზმის სექტორი 26% იყო, ეს ვარდნა მშპ-ზეც მკვეთრი ვარდნით აისახა.

ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვისას, ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური კრიზისის საფრთხე ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს და ეს პოზიტიური სიგნალია. "პანდემიამ კრიზისი გამოიწვია, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს მაკროეკონომიკური კრიზისის საფრთხე, სახეზეა ფინასური სტაბილურობა, სტაბილურია საბანკო სისტემა და არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - აღნიშნა PMCG-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის და BAG დასაქმების ბარომეტრის შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები