ეკონომიკა
06/09/2021

ლევან დავითაშვილი: ვალი უნდა შევამციროთ, რომ ახალი ვალდებულებების აღება შევძლოთ 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირის კონკრეტულ ტრანშთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროს, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდა. საუბარია ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე. 

“კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ვალი, თუმცა ვფიქრობ, მთავრობის ძალიან პრაგმატულმა და პასუხისმგებლიანმა, სწორმა ნაბიჯებმა, მოგვცა იმის საშუალება, რომ გვქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის მხოლოდ 1 ქვეყნისთვის გამორჩეული, ეს არის რეგიონულად გამორჩეული. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენ ეკონომიკის საკმაოდ შემცირება გვქონდა, ზრდა არის საკმაოდ შთამბეჭდავი. ჩვენ ავედით საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე, რამაც შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობები და მოქნილობა, მათ შორის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში ძალიან პრიორიტეტული პროექტის განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მათ შორის და ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. ეს მოქნილობა ქვეყნისთვის აუცილებელია, სწორი განვითარებისთვის, მათ შორის ჩვენს სფეროში, მოგახსენებთ, ჩვენ გვაქვს გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი საირიგაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კერძოდ წყალსაცავების, რომელიც აუცილებელია ქვეყნის წყალუზრუნველყოფისთვის. აქედან გამომდინარე, ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა, ბევრი პროექტის განხორციელებას რა თქმა უნდა ართულებდა. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილება, ყოველშემთხვევაში მითითება და სურვილი, რომ დაწყებულიყო ეტაპობრივად ვალის შემცირება, შესაძლებლობიდან გამომდინარე, ანუ რასაც ეკონომიკური ზრდა მოგვცემდა. როდესაც მიღებული იყო გადაწყვეტილება ევროკავშირის კონკრეტულად ამ ტრანშთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მთავრობა ხელმძღვანელობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.    

კონკრეტული ვალი არის კონკრეტული მიზნობრიობის, შესაბამისად ზოგიერთი ტიპის ვალდებულება საჭიროა რომ მოხმარდეს კონკრეტულ ამოცანას და კონკრეტული პროექტის შესრულებას. ამიტომ, რაღაც დონეზე ჩვენ უნდა შევამციროთ ვალი, რომ ახალი ტიპის ვალდებულების აღება შევძლოთ, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და იმ პირობებით, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

 

Businesspartner