ეკონომიკა
28/04/2021

მალხაზ დოლიძე: პურის მწარმოებლებმა დაპირებული სუბსიდიით ვერ ისარგებლეს

მწარმოებელთა ნაწილი მიუხედავად ფქვილის და კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. როგორც პურის მრეწველთა კავშირში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, შექმნილი სიტუაციის გამო მწარმოებლების ნაწილს წარმოების გაჩერება უწევს. 

მიზეზად საფუარის, საწვავისა და შესაფუთი მასალების გაძვირება და მომსახურების სფეროსგან არასათანადო დამოკიდებულება სახელდება.

ამასთან, მრეწველთა კავშირის ინფორმაციით, პურის მცხობელებმა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ელ. ენერგიის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვაც ვერ მოახერხეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია სუბსიდირებაზე და მეწარმეების დახმარებაზე,ეს შეღავათი ვერავიზე გავრცელდა.  ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელიც სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. არ იყო გაჟღერებული სათანადოდ, ჩვენამდე ვერ მოვიდა ეს ინფორმაცია. ეს პორტალი 2 კვირა იყო გახსნილი, შემდეგ დაიხურა და ეს თემა პურის მცხობელებისთვის ნამდვილად ჩავარდა.“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მრეწველთა კავშირი მთავრობისგან აღნიშული პრობლემების მოგვარებას და ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში 20 ტონამდე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოების ჩართვასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბიზნესსუბიექტებისთვის დენის ტარიფი 12 თეთრით გაიზარდა. აქედან, 2021 წლის განმავლობაში, ექვს თეთრს მთავრობა დაასუბსიდირებს. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტს ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე განცხადება უნდა შეევსო.

დადგენილების მიხედვით, სუბსიდირებს ეხება შემდეგ დარგებს: 

მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

Businesspartner