ეკონომიკა
13/04/2021
ავტორი: Business Partner

მარტში ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა

ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგად, 2021 წლის მარტში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მარტში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ დოლარი შეადგინა.

„ექსპორტის ზრდა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე. ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც“, - განმარტავენ „საქსტატში.“

2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2,406.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

Businesspartner