ეკონომიკა
08/06/2021

მიხეილ დუნდუა: ეკონომიკის ზრდა კერძო სექტორის დამსახურებაა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შთამბეჭდავს უწოდებს. როგორც მან გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას აღნიშნა, ეს კერძო სექტორის დამსახურებაა.

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესგარემო იყოს უკეთესი, მაგრამ ეკონომიკური ზრდა შექმნა კერძო სექტორმა და ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჩვენი პოლიტიკით, კანონმდებლობით და ა.შ. 8.1% არის ოთხთვიანი ზრდა, რაც ძალიან კარგია და ცოტა დაგვაკლდა, რომ 2019 წლის მონაცემისთვის გაგვესწრო. ოპტიმისტური პროგნოზი წლიურ ჭრილში 10.5%-ით გაიზარდა,“ – ამბობს მიხეილ დუნდუა.  

მისი თქმით, საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ძირითადი დატვირთვა მოდიოდა გადამამუშავებელ მრეწველობაზე. თუმცა, განაწილება იყო მრავალმხრივი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანამ იგრძნო განვითარება.

„პანდემია არ არის ციკლური ვარდნა, სადაც მიაღწევ ჭარბწარმოებას, აუთვისებელ ეკონომიკის რაღაც მასშტაბს და ამ დროს ხდება მიწოდების ან მოთხოვნის პრობლემის გამო ეკონომიკის ვარდნა. პანდემიამ ეკონომიკა მთელ მსოფლიოში გააჩერა. როცა მისი აღდგენის დრო მოვიდა და ეკონომიკა გახდა სიცოცხლისუნარიანი, მაცვენებლები აღდგა, თუმცა არ ველოდით, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა აღდგენა,"– აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, 2021 წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.1%-ია.

ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

 

Businesspartner