ეკონომიკა
13/08/2021

მინისტრი: გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებს, სავალუტო შემოსავლებს

გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს, - ასე ეხმიანება ეკონომიკის მინისტრი ივლისში ექსპორტის მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

2021 წლის ივლისში ექსპორტი წლიურად 42.4%-ით არის გაზრდილი 390.9 მლნ დოლარამდე. ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს. 

მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა 60-მდე ბიზნეს - მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი. „ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

2021 წლის ივლისში ექსპორტის მაჩვენებელმა გადააჭარბა პანდემიამდელ,2019 წლის ივლისის მონაცემებს. 2021 წლის ივლისის ექსპორტი 2019 წლის ივლისის ექსპორტს 66.9 მლნ დოლარით, 20.6%-ით აღემატება.

2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 27.8%-ით და 2,275 მლრდ დოლარს გაუტოლდა, იმპორტი 19.3%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5,209 მლრდ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მაჩვენებელი 7.7%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

Businesspartner