ეკონომიკა
13/10/2021

მინისტრი: პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის $3 მლრდ-ის ექსპორტი გავიდა 

ეკონომიკის მინისტრი საგარეო ვაჭრობის 9 თვის შედეგებით კმაყოფილია. ნათია თურნავა ამბობს, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემებში საკმაოდ კარგი დინამიკაა.

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან თითქმის 3 მლრდ დოლარის ექსპორტი გავიდა და 9 თვეში ქართული ექსპორტი 24%-ით გაიზარდა.

„თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი ზრდა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პროდუქტებზე ინფორმაცია ჯერ არ ქვეყნდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, - ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373.6 მლნ დოლარი შეადგინა.
სექტემბერში ექსპორტის მაჩვენებელმა გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერის მონაცემებს. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში ექსპორტი 2019 წლის სექტემბერის ექსპორტს 22.3%-ით, 68.1 მლნ დოლარით აღემატება. სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20%-ით გაიზარდა და 1,299 მლრდ დოლარი შეადგინა.

Businesspartner