ეკონომიკა
04/08/2021

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ - რას გეგმავს ეროვნული ბანკი

სებ-ი პროგნოზირებს, რომ ინფლაცია შემცირებას 2022 წელს დაიწყებს და საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ეტაპობრივად დაუახლოვდება.

იმ ფონზე როდესაც ინფლაციის პროგნოზი გაზრდილია და სებ-ი წელს ინფლაციის საშუალოდ 9%-ზე მაღალ ნიშნულზე ელის, როგორც კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას.

"ინფლაციური წნეხი მაღალია რაც მონეტარული პოლიტიკის მკაცრ დონეზე გახანგრძლივებულად შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი თავისთავად მაღალ რეფინანსირების განაკვეთს მოიაზრებს", - განმარტა კობა გვენეტაძემ. 

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას.

"ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკირ განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10%-მდე გაზარდა.

 

Businesspartner