ეკონომიკა
21/03/2023

MN Group: საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი აღარ ხორციელდება

„ფეროშენადნობებზე ფასები კრიტიკულ ნიშნულამდე დავარდა, რუსეთში ექსპორტი კი სრულად შეწყდა“ -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ MN Group-ის დამფუძნებელმა  განუცხადა.

სულხან ხვედელიძის განმარტებით, ენერგომატარებლებზე ფასების არასტაბილურობამ ევროპაში საწარმოების გაჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ბაზარზე ჭარბი სილიკონ მანგანუმია და ამის გამო, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი მკვეთრად არის შემცირებული.

რაც შეხება რუსეთს, MN Group-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოდან ექსპორტი რუსეთში აღარ ხორციელდება.

„ფეროშენადნობების ფასებიც კრიტიკულ ნიშნულზეა დასული. ახლა გასაყიდი ფასი დაახლოებით 1200 დოლარია, როცა გასულ წელს  ანალოგიურ პერიოდში 2500 დოლარი იყო. შედეგად, საქართველოშიც საწარმოების დიდი ნაწილი რემონტის ან მოლოდინის რეჟიმზეა გადასული,“-განმარტა სულხან ხვედელიძემ.

შეგახსენებთ, ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედა. საბაჟო გადასახადის დაწესების შედეგად, ქართველი მწარმოებლები რუსულ ბაზარზე ექსპორტის შეწყვეტას ელოდნენ. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მათი პროგნოზი გამართლდა.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი 29%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, ორ თვეში ექსპორტზე 71,7 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 100 მლნ დოლარს აჭარბებდა.

Businesspartner