ეკონომიკა
23/09/2020

მორიგი ინტერვენცია - სებ-მა ბაზარს $40 მლნ მიაწოდა

სებ-მა მორიგი ინტერვენცია განახორციელდა და სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2641 შეადგინა.

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი შეპირებისამებრ ბაზარზე აქტიურობს და როგორც ცოტა ხნის წინ ქვეყმის მთავარმა ბანკირმა განაცხადა, დარჩება ასევე აქტიურად მომავალი წლის I ნახევარშიც.

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $449,65 მლნ გაყიდა.

კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სებ-ის ინტერვენციები წლის ბოლომდე 200 მილიონს გადააჭარბებს, ინტერვენციები იმ დანაკლისის პირობებში იქნება, რაც საქართველომ პანდემიის ფონზე განიცადა.
 
აღსანიშნავია, რომ ინტერვენციების საკითხს კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ არის.
 
"შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება", - დაწერა სოციალურ ქსელში სებ-ის პრეზიდენტმა.
Businesspartner