ეკონომიკა
17/09/2021

მშპ ერთ სულ მოსახლეზე მეორე კვარტალში ₾4 267 იყო

პანდემიურ 2020 წელთან შედარებით საქართველოში მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2019 წელთან შედარებითაც, თუმცა დოლარში გამოსახული მონაცემი შემცირებულია, ზრდა მხოლოდ ლარშია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4 267 ლარი  შეადგინა, 1 277 ლარით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. დოლარში მაჩვენებელი 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 953 დოლარიდან 1 282 დოლარამდე გაიზარდა.

პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წლის მეორე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 229 ლარი იყო, დოლარში მაჩვენებელი 1 179 დოლარს აღწევდა.

2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 მლრდ ლარია, ეკონომიკა ამ პერიოდში ქვეყანაში 29.9%-ით გაიზარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3%-ით.

2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (47%), მშენებლობა (36.95), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5%).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სახელმწიფო მმართველობა (5.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (5.4%).

 

 

Businesspartner