ეკონომიკა
21/06/2022

მთავრობამ ქუთაისში გასაყიდად ₾44 მლნ-ის ქონება გამოიტანა

იმერეთში მასშტაბური პრივატიზაციის პროექტი დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს, იმერეთის რეგიონში, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებებს წარმოუდგენს.

ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია ქუთაისში და მის მიმდებარეს არსებული 24 უძრავი ქონება, რომელთა საერთო ფასი 43,746,250 ლარია.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი - 10,055,000 ლარი ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ღირს, რომლის ფართობიც 72,836 კვადრატული მეტრია.

"სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ყველა დაინტერესებულ პირს აუქციონში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნება. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განვითარების პროექტს იმერეთის რეგიონში,"-აცხადებენ სააგენტოში. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის წამყვანი მოთამაშეა და ფლობს მრავალფეროვან სახელმწიფო აქტივს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა.

Businesspartner