ეკონომიკა
20/09/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება

ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, ამას ეკონომიკის მინისტრი სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდას უკავშირებს.

"2021 წლის აგვისტოში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7%-ით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32%-ით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა და 1,899 მლრდ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7%-ია.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე აშშ-სა და ჩინეთში.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციას შორის, ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 83.2%-ით), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 32.6%-ით), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 18.3%-ით) გაზირებული წყლების (გაიზარდა 87.7%-ით), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 63.8%-ით), თხილისა და კაკლის (53.3%-ით და 44.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.3%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (1.3%-ით), და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 5.8%-ით) ექსპორტი.

Businesspartner