ეკონომიკა
08/09/2020

ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება

ეკონომიკის მინისტრისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ეკონომიკური გაჯანსაღების მანიშნებელია.

„მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ რეალობას, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პოზიტიური დინამიკა გლობალური პანდემიის ფონზე მიმდინარეობს და იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოში ინვესტიციების 40%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 237.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 0.5%-ით მეტია 2019 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით. 

"ზრდა მოდის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მშენებლობა, ენერგეტიკა, სამთომოპოვებითი დარგი, გადამამუშავებელი დარგები, ისეთი დარგები, რომელსაც მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით. ეს კვლავ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის სისწორეს და ეფექტურობას. ასევე საინტერესოა, რომ ქვეყნების მიხედვით კვლავაც ლიდერობს აშშ და ევროპული ქვეყნები. ეს არის ხარისხიანი ინვესტიციები, რომელსაც მოყვება არა მხოლოდ ფინანსური რესურსი და დასაქმება, ასევე ახალი სამეწარმეო კულტურა და ახალი ტექნოლოგიები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner