ეკონომიკა
29/04/2021

ნათია თურნავა: ველოდებით, მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება

„4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას.

მისივე თქმით, ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული.

ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

„მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად არის დადებითი.


Businesspartner