ეკონომიკა
31/07/2020

ნათია თურნავამ ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები დაინახა

ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნებს ხედავს.

ნათია თურნავა "საქსტატის" ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება.

"პირველი ნიშნები სახეზეა - ეკონომიკის ვარდნის ტემპი კლებულობს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას,“ - ამბობს მინისტრი.

სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკური ვარდნის ტემპი შენელდა და -7,7% შეადგინა. მაისში ეკონომიკის შემცირება 13,5%, აპრილში კი 16,6% იყო.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაზე. მისი თქმით, 2020 წლის ივნისში სამთო-მომპოვებელმა სექტორმა პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გაიზარდა საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებელი: 2020 წლის ივნისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4309 საწარმო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, აღნიშნული რიცხვი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო და ეკონომიკა თანდათან გადალახავს იმ უარყოფით გარემოს, რაც პანდემიით შეიქმნა.

Businesspartner