ეკონომიკა
28/04/2022

ოთარ დანელია: საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სექტორში შექმნილ გამოწვევას ეხმაურება

“საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, ეხმაურება იმ გამოწვევას, რომელიც შეიქმნა ბოლო პერიოდში. “ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია საზღვაო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს.

ცვლილებების თანახმად, ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში, სანავსადგურე ერთეულები შესასვლელი არხის დარღმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.

“ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი სამართლიანი პირობები ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის იქნება ეს უცხოური ბიზნეს ოპერატორი და ინვესტორი, თუ - ადგილობრივი. ვფიქრობ, ის დაბალანსებული პოზიცია, რომელიც შეჯერებულია მხარეებთან ის სწორი გამოსავალია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც რეგულაციის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა. იმ დროს, როდესაც ეს არის აუცილებელი, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს.” - განაცხადს ბიზნესომბუდსმენმა.

პორტის ღიაობის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სანავსადგურო ერთეულების მხრიდან შეთანხმების მიუღწევლობის შემდეგ, განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე.

“ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ახორციელებს ყოველდღიურ კომუნიკაციას ბიზნესთან. ჩვენ პროაქტიული თანამშრომლობა გვაქვს პრაქტიკულად ყველა სექტორთან.” - ამბობს ოთარ დანელია.

Businesspartner