ეკონომიკა
02/12/2020

პანდემიამ მსოფლიოს ინტერნეტის განვითარების აუცილებლობა დაანახა - აკაკი საღინაშვილი

ინტერნეტმმართველობის  ფორუმი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობებს, დარგის ექსპერტებთან ერთად, ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ ინტერნეტის სფეროში არსებულ პრობლემურ გამოწვევებს, - ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმზე GeoIGF 2020 ინტერნეტ სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
აკაკი საღირაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა განისაზღვროს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ციფრულ საუკუნეში საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი საჭირო სერვისებითა და ინფრასტრუქტურით.
 
აკაკი საღირაშვილის განცხადებით, პანდემიამ აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტის განვითარება და წვდომა ინტერნეტით განათლების, ჯანდაცვის და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების მიღებაზე.
 
„ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტი იყოს ღია და ამავდროულად ცხადია, დაცული. თუმცა, როდესაც ინტერნეტის ღიაობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონალური მონაცემების დაცვის კომპონენტები, ადამიანის უფლებები ამ სივრცეში, კიბერუსაფრთხოების ასპექტები, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის და გამოწვევაა. ეს ფორუმი ამ გამოწვევებზე მსჯელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა და კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის კარგი პლატფორმაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფა. 
 
„ამ მიზნით დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე რეგიონში და მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმებით, უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისთვის - შემუშავებულია 2020-25 წლების სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რასაც ასევე ვახორციელებთ“, - განაცხადა საღირაშვილმა. 
 
ფორუმი წელს ონლაინ-ფორმატში იმართება და მისი  მხარდამჭერია ევროპის საბჭო, ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ICANN და RIPE NCC-ს. ორდღიანი ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ინტერნეტსაზოგადოება ISOC Georgia-ს და კომუნიკაციების კომისიის  მასპინძლობითა და თანაორგანიზებით იმართება.
 
ინტერნეტმმართველობის ფორუმი ხვალ დასრულდება და განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა გიგაბიტ საზოგადოებისა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის და პერსონალური მონაცემების გაცვლის მიმართულებები; ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში; ბავშვთა კოდექსი და ინტერნეტი; საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, მომხმარებლის კიბერმზაობა; ზედა დონის დომენური სახელის .GE გამოწვევები და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა COVID-19 - ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს. 
 
ღონისძიება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება.
Businesspartner