ეკონომიკა
10/06/2021

პანდემიამ პარლამენტს გაზრდილ ბიუჯეტზე უარი ათქმევინა

2021 წლის პროგნოზით, 2022 წელს პარლამენტის ბიუჯეტი 62 380 000 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანო გაზრდილ ბიუჯეტს არ ითხოვს.

პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დარეგისტრირდა, სადაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობას მიმართავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წლის მსგავსად 53 696 000 ლარი განუსაზღვროს.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა პაატა კვიჟინაძემ “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გაზრდილ ბიუჯეტს პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ ითხოვენ.

“იგივე ბიუჯეტი მოვითხოვეთ, არაფერი იცვლება. პარლამენტის გარდა დავამტკიცეთ ჰერალდიკის ბიუჯეტი, რომელსაც იგივე დავუტოვეთ. ეროვნულ ბიბლიოთეკასაც იგივე ბიუჯეტი დავუტოვეთ. იგივე დავუტოვეთ აუდიტსაც. უხერხული და არასწორი იქნებოდა, რომ პარლამენტისთვის მოგვემატებინა. ასეთი პერიოდია და დავტოვეთ ისე, როგორც იყო. კარგი ეკონომიკური პირი უჩანს და თუ გამოსწორებისკენ წავიდა, შემდეგ ვნახოთ“,- აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

2022 წლის პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომუშავეთა რიცხოვნობა 708-ს შეადგენს.

პროექტით, საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და საზედამხედველო საქმიანობისთვის განსაზღვრულია 19 665 000 ლარი; საპარლამენტო ფრაქციების და მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობისთვის 6 680 000 ლარზე მეტი; საკანონმდებლო საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერისთვის 27 350 000 ლარზე მეტი; საკანონმდებლო საქმიანობის ადმინისტრირებისთვის 27 260 000 ლარზე მეტი; პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის 90 000 ლარი.

2023 წელს საპროგნოზო პარამეტრია 62 381 000 ლარამდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები