ეკონომიკა
23/06/2022

PMCG: მომდევნო 6 თვეში ინფლაციის კლებაა მოსალოდნელი

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველი ეკონომისტები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ინფლაციის შემცირებას ელოდებიან.

ამასთან, გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გაუმჯობესდა როგორც 2022 წლის პირველ კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით. ამავე პერიოდში, გამოკითხულმა ქართველმა ეკონომისტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. ამავდროულად, 2022 წლის პირველ კვარტალსა და 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომისტების შეფასებები შესაბამის კვარტლებში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უარყოფითი იყო. ამრიგად, 2022 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ამ ორივე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ქართველ ეკონომისტებს ასევე დადებითი მოლოდინები აქვთ საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. მათი შეფასებით, უახლოეს ექვს თვეში მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების ზრდა გასულ ექვს თვესთან შედარებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მოცულობა, სავარაუდოდ უფრო ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე იმპორტისა, რაც გამოიწვევს სავაჭრო ბალანსის გაუარესებას მომდევნო ექვს თვეში გასულ ექვს თვესთან შედარებით.

Businesspartner