ეკონომიკა
06/06/2022

ყაზბეგის მერის მოადგილე: რეგიონში კერძო ინვესტიციების სიმწირეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რეგიონში კერძო ინვესტიციების სიმწირეზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ინვესტორი, რომელიც თანხას ჩადებს გარკვეულ ბიზნესში, მისი ამოღება დროში შედარებით გაჭიანურდება. 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ზამთარი 6-7 თვე გრძელდება, შესაბამისად, რთული მეტეოროლოგიური პირობებია. ასევე საკმაოდ პრობლემურია კადრი. ბიზნესმა პერსონალის თითქმის 100% თბილისიდან უნდა მოიყვანოს, რაც საკმაოდ პრობლემური და ბიზნესისთვის ხარჯიანია. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ინვესტიციების ჩადებას ყველა ერიდება. ზამთარში გვირაბი იკეტება, რაც პრობლემას ქმნის. ამიტომ, კობი-ქვეშეთის გზის დასრულება, რომელიც 2023 წელს არის განსაზღვრული, ამ პრობლემას მოაგვარებს,“-აცხადებს ალიბეგაშვილი.

რას აკეთებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ კერძო სექტორი რეგიონში ინვესტირებით დაინტერესდეს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია მათთვის  ფართების გრძელვადიანი იჯარით შეთავაზება.

„მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე (უკანა მხარეს, ელიის პარკი) რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სადაც HoReCa სექტორისთვის მიმზიდველი ობიექტებიც განთავსდება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით უკვე მომზადებულია  ელიის პარკის პროექტირება, რომელსაც ინვესტორებს მას შემდეგ შევთავზებთ, რაც მუნიციპალიტეტი პარკში რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ელიის პარკში კვების ობიექტის  გახსნით ბევრი ინვესტორი დაინტერესდება,“-აცხადებს ალიბეგაშვილი.

 

Businesspartner