ეკონომიკა
31/05/2021

რა ფაქტორებმა განაპირობა ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა - ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, 2021 წლის აპრილში 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდა თითქმის ყველა სექტორში მდგომარეობის გაუმჯობესებამ განაპირობა.

მისი თქმით, ექსპორტი 70%-ით, ფულადი გზავნილები 144%-ით გაიზარდა, გაზრდილია დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა 90%-ით. გარდა ამისა, ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა სტაბილურობამ და ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესებამ.

მინისტრის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებით. სამთავრობო ვალის შემცირების დინამიკა კი, უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი.

“საქართველოში ყველა სექტორში შეინიშნება მაღალი აქტივობა და ზრდა. 44.8%-იანი ზრდა რომელიმე ერთი კონკრეტული სექტორის ზრდით არ არის გამოწვეული, მნიშვნელოვანი ზრდაა პრაქტიკულად ყველა სექტორში, რაც იმის დამაიმედებელ გარემოებებს იძლევა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი მომავალ თვეებში და წლის ბოლომდე შენარჩუნდება, უფრო პოზიტიური სცენარისკენ წავა.

ეკონომიკური ზრდისთვის და სამომავლოდ ზრდის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი - პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე. მნიშვნელოვანია ასევე პანდემიასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი წინსვლა, გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. გარდა ამისა, ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელიც ბოლო პერიოდში შემცირებისკენ მიდის, რაც ცხადია აისახება მოსახლეობის განწყობასა და ეკონომიკაზე. ეკონომიკის 44.8%-იანი ზრდა ფაქტორების ერთობლიობით მიღებული შედეგია.

მომდევნო თვეებში აღნიშნული დინამიკის შენარჩნებად ვიმედოვნებთ. 4 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.1%-ია. იმედი გვაქვს პოზიტიური სცენარის განვითარების შემთხვევაში აღნიშნული ნიშნული კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner