ფოტო: Marcus Yam / Los Angeles Times
ეკონომიკა
11/03/2022

რა გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს საინვესტიციო გარემოზე

PMC კვლევითი ჯგუფის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენებს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მიხეილ კუკავა აცხადებს, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, რომ მთავრობა რამდენიმე განსხვავებულ სცენარზე მუშაობდეს. 

„ამ ომმა მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, თქვენ ხედავდით რა ხდებოდა გეოგრაფიულად ძალიან მოცილებულ ბაზრებზე, აზიის საფონდო ბირჟებზე. მითუმეტეს ცხადია, რომ გავლენა დიდი იქნება საქართველოზე, რომელიც რუსეთის უშუალო მეზობელია და ასე ახლოა უკრაინასთან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვექნება მნშვნელოვანი ზრდა მას შემდეგ რაც ომი დასრულდება და ყოველთვის ასეთ დაღმასვლას მოჰყვება მკვეთრი აღმასვლა. ამისთვისაც გვჭირდება მზადება. აუცილებელია სხვადასხვა სცენარის განხილვა. მთავრობა რამდენიმე სცენარს უნდა ამუშავებდეს და როგორც კი დავინახავთ, რომ ერთ-ერთი სცენარის მატერიალიზება ხდება უნდა გადავეწყოთ ამ სცენარის განხორციელებისთვის.“-აღნიშნავს მიხეილ კუკავა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოში 1 მლრდ 152 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით ორჯერ მეტია, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულს მკვეთრად ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38 პროცენტი იყო . მეორე ადგილზე იმყოფება გართობისა და დასვენების სექტორი, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი.

Businesspartner