ფოტო: eea.europa.eu, Tim Mossholder
ეკონომიკა
12/01/2022

რა რისკები და საფრთხეებია გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის - მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკი COVID-19-ის ახალი ვარიანტების, ინფლაციის, ვალის და შემოსავლების უთანასწორობის ფონზე ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეებს ხედავს, განსაკუთრებით ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ფინანსური ინსტიტუტის ახალი ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სიჩქარის შემცირება 5.5%-დან (2021 წელს) 4.1%-მდე (2022 წელს) და შემდეგ 3.2%-მდე (2023 წელს), მსოფლიოს მასშტაბით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შემცირების და ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის ზრდის პარალელურად.

WB-სთვის „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება მიუთითებს, რომ პანდემია ახლო მომავალში სავარაუდოდ გააგრძელებს ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეშლას. ამასთან ერთად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდის მნიშვნელოვანი დამუხრუჭება, აშშ-ს და ჩინეთის ჩათვლით,  უარყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში.

"იმ დროს, როდესაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში მთავრობებს არ აქვთ მანევრირების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, COVID-19 -ის ახალი შტამების გამოჩენას, მიწოდების ჯაჭვში არსებულ პრობლემებს, ინფლაციის წნეხს და მომატებულ ფინანსურ მოწყვლადობას მსოფლიოს დიდ ნაწილში ვარდნის რისკის ზრდა შეუძლია", - წერია ანგრიშში.

საფინანსო ინსტიტუტი მოწინავე ქვეყნებში ზრდის 5-დან (2021 წ) 3.8%-მდე (2022 წელს) და 2.3%-მდე (2023 წელს) ვარაუდობს, თუმცა მიიჩნევს, რომ კლების მიუხედავად საკმარისი იქნება წარმოებული პროდუქციის და ინვესტიციების მოცულობის დასაბრუნებლად პანდემიამდე არსებულ დონეზე. თუმცა, ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ვარდნა 6.3%-დან (2021) 4.6%-მდე (2022 წელს) და 4.4%-მდე (2023 წელს).

"მოწინავე ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა 2023 წლისთვის  წარმოებული პროდუქციის მოცულობის აღდგენას მიაღწევს; ხოლო ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე 4%-ით ნაკლები იქნება. ბევრი მოწყვლადი ქვეყნისთვის ჩამორჩენა კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი აღმოჩნდება: წარმოებული პროდუქციის მოცულობა ქვეყნებში, რომლებიც კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პანდემიამდელ მაჩვენებელზე 7.5%-ით ნაკლები იქნება, ხოლო მცირე კუნძულ სახელმწიფოებში კი 8.5%-ით ნაკლები", - ნათქვამია კვლევაში.

მზარდი ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად აწევს დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელებს, ზღუდავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. გლობალურად და მოწინავე ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი უმაღლეს დონეს აღწევს 2008 წლიდან მოყოლებული. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში მან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია 2011 წლის შემდეგ. აღნიშნული ქვეყნებიდან ბევრმა შეწყვიტა ინფლაციის  შეკავების ღონისძიებების გამოყენება, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე.

 

Businesspartner