ეკონომიკა
29/04/2022

რა სარგებელს მიიღებს საქართველო SEPA-ში გაწევრიანებით

საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების საკითხს განიხილავს. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა SEPA-ში გაწევრების თაობაზე რეკომენდაციები შეიმუშავა. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება ბევრი მიმართულებით - საერთაშორისო არენაზე საქართველოს საბანკო სექტორს მეტ სანდოობას შესძენს, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები იზრდება და სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია. შესაბამისად, ამ სივრცეში საქართველოს გაწევრიანება ნამდვილად სასარგებლო იქნება, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის. 

ერთიანი ევროგადახდის სივრცე მიზნად ისახავს ევროში ელექტრონული გადახდების ჰარმონიზებული ერთიანი ბაზრის განვითარებას, სადაც ტრანსასაზღვრო გადახდები შეიძლება განხორციელდეს იმავე პირობებით, როგორც ეროვნული გადახდები", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

დეპუტატის თქმით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გარდა, SEPA-ს წევრები არიან ვროპის სხვა სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი.

"საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია, რაც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მათთვის SEPA-ში გაწევრიანება დამატებით მძიმე ფინანსურ ვალდებულებებს არ გამოიწვევს. 

კომიტეტმა რამდენიმე რეკომენაცია შეიმუშავა. 

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, კონსულტაციები უნდა დაიწყოს SEPA-ს საბჭოსთან. 

"ასევე უნდა შეიქმნას SEPA-ს განხორციელების და მმართველობის ინსტიტუციური საბჭო. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან, ამის სხვადასხვა გზები არსებობს", - აცხადებს დეპუტატი. 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ლოგიკური იქნება ამ პროცესს თუ ეროვნული ბანკი გაუძღვება. 

"თუმცა, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია, შედეგი მივიღოთ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

შემდეგი რეკომენდაციაა, შემჭიდროვებულ ვადებში შესრულდეს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო სამართლებრივი წინაპირობები. 

"ასოცირების შეთანხმებით ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ბევრი ვალდებულება. რამდენიმე ნორმატიული აქტი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში შემოვა პარლამენტში განსახილველად. თუმცა არის რამდენიმე დირექტივა და რეგულაცია, რომელიც საჭიროებს მთლიანად მუშაობას და მათ კანონმდებლობაში ასახვას", - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე. 

დეპუტატის თქმით, ყველა ქვეყანა, ვინც SEPA-ში გაწევრიანდა, შეიმუშავა განხორციელების და მიგრაციის ეროვნული სამოქმედოგეგმა. კომიტეტის რეკომენდაციაა, ასეთი გეგმა შემუშავდეს. 

 

Businesspartner