ეკონომიკა
31/08/2021

რამ განაპირობა ივლისში ეკონომიკის 9.9%-იანი ზრდა - საქსტატის განმარტება

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ივლისის ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, 2-ჯერ მეტადაა გაზრდილი ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე ეკონომიკური ზრდის მიზეზად გვევლინება ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებაც.

“36%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით მინერალური წყლების ექსპორტი. ამასთან, გაზრდილია ფარმაცევტული პროფუქციის და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც. საფინანსო და სადაზღვეო სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი სესხებიდან გამომდინარე შემოსავლების მიღება.

39%-ით არის გაზრდილი საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც საჰაერო, ისე საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. გაზრდილია ასევე სატვირთო ტრანსპორტის, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელიც,” - აღნიშნავს გოგიტა თოდრაძე.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ეკონომიკის 18.7%-იანი ზრდის შემდეგ, ივლისში ზრდა 9.9%-იან ნიშნულზეა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი შვიდი თვეში ეკონომიკა საშუალოდ 12.2%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

Businesspartner