ეკონომიკა
08/12/2021

რატომ აღარ რეაგირებს ლარი თურქული ლირის გაუფასურებაზე – სებ-ის განმარტება

თურქული ლირის კურსი მნიშვნელოვანი ცვლადია საქართველოსთვის, თუმცა ის არ არის ერთადერთი, რაც ლარზე ახდენს გავლენას, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კითხვაზე - რატომ აღარ რეაგირებს ლარი თურქული ლირის გაუფასურებაზე საპასუხოდ.

კობა გვენეტააძის თქმით, ბევრი ფაქტორი შეიძლება მოქმედებდეს ლარზე, შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიზეზი, რომელიც ლარზე ლირის გაუფასურების გავლენას დააკომპენსირებს.

“მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ეს არის ის, რომ წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები აღდგა, ექსპორტი საკმაოდ კარგად გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული გვაქვს, რაც ასევე ზრდის ლარის აქტივობის მიმზიდველობას. გარდა ამისა, არის ერთი ფაქტორი, რომელსაც ვაკვირდებით. როდესაც ლირის გაუფასურების ადრეულ პერიოდებს ვუყურებდით, მაშინ ეს ნაკლებად ითარგმნებოდა თურქეთში მომატებულ ინფლაციურ მოლოდინებზე და ინფლაციაზე, ხოლო ბოლო პერიოდში ხანგრძლივმა გაუფასურებამ შედარებით სწრაფი და ძლიერი გახადა ეს პროცესი.

აქედან გამომდინარე, დღეს მაღალია მოლოდინი, რომ ლირის გაუფასურება თურქეთის ფასების ზრდაში უფრო მეტად აისახება და შესაძლოა თურქული პროდუქცია ბოლო გაუფასურებამ აღარც გააიაფოს უცხოელებისთვის და ის დაწოლა, რაც ამ დროს ხდება ხოლმე ადგილობრივ ვალუტაზე, აღარ განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ფაქტორები რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ," - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

Businesspartner