ეკონომიკა
03/06/2021

რეკორდული ინფლაცია - რამ გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა

ეკონომისტების ნაწილი ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ელოდა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, დავით კეშელავა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგები ინფლაციის მაჩვენებლებში საშუალოვადიან პერიოდში აისახება.

„მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. მიზეზი ის არის, რომ ფაქტორები, რომლებიც ძირითადად იწვევენ ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ჯერ კიდევ მოქმედებს ფასების დონეზე. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი დროს საჭიროებს, რომ აისახოს ფასების დონეზე“,- ამბობს მკვლევარი.

კეშელავა ინფლაციის ზრდის ძირითად ფაქტორებზე საუბრობს.

„საწვავის ფასები ყველაზე მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა. 2%-ზე იყო მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში. საწვავის მაღალი ფასები, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მნიშვნელოვან ზრდასთან. ეს თავის მხრივ იმას უკავშირდება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ნავთობზე ფასები ძალიან დაეცა. ეს ერთი მხრივ, პანდემიას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ, მიწოდების მაღალ შოკს. ამიტომ როდესაც საწვავის ამჟამინდელი ფასების დონეს ვადარებთ წინა წლის ფასების დონეს ვნახავთ, რომ აქ საკმაოდ მაღალი ზრდაა. საერთო დონეში 1%-ზე მაღალი წვლილით გამოირჩეოდა კომუნალური ხარჯები. ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციაში და პირდაპირ უკავშირდება კომუნალური გადასახადების გაძვირებას. მკვეთრად არის გაზრდილი საკვებიც ფასებიც. ძალიან ბევრი სახეობის პროდუქტი იმპორტირებულია და რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულ ფასებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება მნიშვნელოვნად აისახება.

რომ შევაჯამოთ, მსოფლიოში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა და ჯერ კიდევ დაუსრულებელი პანდემია, ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია. ასევე წარსულში გაცვლითი კურსის გაუფასურება, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აქვს ხოლმე ასახვა ფასებზე. ახლა გამყარებას რომ ვხედავთ, ეს ფასებზე მყისიერად არ აისახება“,- განაცხადა დავით კეშელავამ.

შეგახსენებთ, რომ მაისში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და მან რეკორდულ 7.7%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.7%-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-ით განისაზღვრა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები