ეკონომიკა
14/01/2022

საარსებო მინიმუმმა დეკემბერში 223.5 ლარი შეადგინა

მაღალი, ორნიშნულიანი ინფლაცია საარსებო მინიმუმზე კვლავინდებურად ახდენს ზეწოლას, თუმცა ზრდა დეეკმბერში აღარ იყო ისეთი მაღალი როგორც წინა თვეებში.

2021 წლის ბოლო თვეში, სასტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 0.2 ლარით შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.5 ლარი შეადგინა. წლიურად კი მაჩვენებელი 31 ლარით არის გაზრდილი, ზრდის ტემპი მცირედ შენელდა.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198 ლარით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 14%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. სებ-ი მაღალ ინფლაციას პანდემიას და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

მაღალ ინფლაციას ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის დასაწყისშიც ელის, შემცირებას კი მარტიდან ვარაუდობს.

უნდა ითქვას, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება სოციალური პაკეტების გადახედვას არ ითვალისწინებს. ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკის წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი მთავრობა სოციალურ, საპენსიო და სხვა სახის ფინანსურ დახმარებებს ამ მონაცემის მიხედვით შეცვლის. 

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ითვლის. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების ან მისი საერთოდ გაუქმების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა.

Businesspartner