ეკონომიკა
06/08/2021

საინფორმაციო შეხვედრა მსხვილ დამსაქმებელთან

“აჭარა ჯგუფის“ ინიციატივით,სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა "სოციალური დახმარებების მიმღებთა დასაქმების შესაძლებლობები და არსებული მექანიზმები" გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრაზე “აჭარა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროექტების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთეს, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ, უახლეს პერიოდში ახალი ობიექტების გახსნის თაობაზე გააჟღერეს ინფორმაცია.

საუბრისას ხაზი გაესვა იმ გამოწვევებსაც თუ რის წინაშე დგება კომპანია კადრების მოზიდვის პროცესში, შერჩევისა და შენარჩუნებისას. მათთვის საინტერესო იყო მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და შეღავათების პირობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

კომპანიის წარმომადგენლებმა ამომწურავად და სრულყოფილად მიიღეს ინფორმაცია სოციალური დახმარების მიმღები პირების დასაქმების შემთხვევაში სოციალური დახმარების გაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და არსებული მექანიზმების შესახებ. ასევე გაეცნენ სახელმწიფოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციას.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი ია ფხაკაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ვასაძე და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე. ხოლო აჭარა ჯგუფის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ანი დაბრუნდაშვილი, იურიდიული მიმართულების დირექტორი ნინო მესხიშვილი, შერჩევისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა კეკუა. მხარეები მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ორმხრივ, აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.

Businesspartner