ეკონომიკა
19/04/2021

საქართველო IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებაზე მსჯელობს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მსჯელობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებზეც ფონდთან შესაძლოა, გაგრძელდეს მუშაობა შემდგომი პროგრამის ფარგლებში.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით.

ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

 

Businesspartner