ეკონომიკა
18/05/2021

საქართველოს საგარეო ვალმა $8 მლრდ-ს გადააჭარბა

მარტის შემცირების შემდეგ, საქართველოს საგარეო ვალდებულებები აპრილში ისევ გაიზარდა.

2021 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 8 მლრდ დოლარს აღემატება, რაც 284.2 მლნ დოლარით არის გაზრდილი მარტთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი $2,315 მლრდ-ით.

ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს.

შეგახსენებთ, რომ მარტში მთავრობამ დაფარა 2011 წელს $500 მლნ-ის ევრობონდები და ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე კი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ქვეყნის ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს.

საგარეო ვალის ზრდა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება. დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 1,5 მლრდ დოლარი მოიზიდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოზიდული ფინანსები ერთი მხრივ, ვალია, თუმცა მეორე მხრივ, არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. 

Businesspartner