ეკონომიკა
28/07/2020

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახალ პროექტებს აღარ განიხილავს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახალ პროექტებს აღარ განიხილავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ფონდში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დღეს ფონდის პროირიტეტია დაწყებული პროექტების წარმატებით ამუშავება და ამ პროექტების დაინტერესებულ მხარეებზე გასხვისება.

„მოგეხსენებათ, თანაინვესტირების ფონდი კონკრეტული ვადით შეიქმნა, მისი მანდატი 2023 წლის ბოლოს მთავრდება და ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლა პროექტი რომ დაიწყოს მის ამუშავებას და გასხვისებას 2023 წლის ბოლომდე ვერ მოასწრებს. სწორედ ამიტომ არ განიხილავს ფონდი ახალ პროექტებს,“ - აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 

ფონდი 2013 წლიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ძირითადი საინვესტიციო მიმართულებებია ოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა,ტურიზმი და უძრავი ქონება,ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურამრეწველობა. 

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს 25%-დან 100%-მდე წილობრივი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა მინიმალური მომგებიანობა 17%-ს შეადგენს. პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო მოცულობა უნდა შეადგენდეს 5 მლნ აშშ დოლარს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შეინარჩუნებს საკუთრების ინტერესს კომპანიებში 7-დან 9 წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი გაასხვისებს კომპანიის საინვესტიციო წილს, სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით:

  • პროექტის გაყიდვა თანა-პარტნიორებზე;
  • გაყიდვა მესამე მხარეზე;
  • აქციების განთავსება ადგილობრივ და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე;

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები