ეკონომიკა
27/04/2022

საქართველოში გადამუშავებული თევზის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი თურქეთია

საქართველოს გადამუშავებული თევზის გაყიდვების აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთის საექსპორტო ბაზარზე გააქვს. 

PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2015-2021 წლების განმავლობაში თევზის ფქვილის მთლიანი ექსპორტის 64% თურქეთში გავიდა, ხოლო თევზის ქონის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 67%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თევზის ქონისა და თევზის ფქვილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, 2015-2021 წლებში საშუალო ყოველწლიური ზრდა თევზის ქონის შემთხვევაში 9.3%, ხოლო თევზის ფქვილის შემთხვევაში 6.7% იყო. 

ამასთან, 2020 წელს, თევზის ფქვილის ექსპორტმა $20.5 მლნ შეადგინა, თევზის ქონის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა კი $17.2 მლნ.

კვლევის თანახმად, მოცემულ პერიოდში ექსპორტირებული 1 კგ თევზის ფქვილის საშუალო ფასი $1.3–დან $1.6–მდე მერყეობდა. თევზის ქონის ფასი $1.5-დან $1.9–მდე.  

ცნობისთვის, პუბლიკაცია ეფუძნება PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ "საზღვაო თევზჭერის კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში" გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დაკვეთით, პროექტ “EU Innovative Action for Private Sector Competitiveness in Georgia (EU IPSC)“-ის ფარგლებში.

Businesspartner