ეკონომიკა
13/06/2021

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების დოკუმენტი მალე გამოქვეყნდება

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პირველი ნიმუშები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. დოკუმენტის შემუშავებაში მთავრობას საერთაშორისო ექსპერტები ეხმარებიან. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეს ფუნდამენტური რეფორმის სტრატეგია იქნება, რომელიც მათ შორის, განსაზღვრავს, რომელი კომპანიები უნდა დარჩნენ სახელმწიფოს ხელში და რომელი ნაწილობრივ ან სრულად გასხვისდეს. 

„სახელმწიფო საწარმოების შედეგებს საბოლოო ჯამში, პოზიტიურს ვერ ვუწოდებთ," - ამბობს ნიკოლოზ გაგუა და განმარტავს, რომ ამ კომპანიებს ეკონომიკის გაძლიერებაში დიდი როლი აქვს და ხშირად არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროზე ახდენენ გავლენას, არამედ მთელს ეკონომიკაზე და მათი ეფექტიანობა ბიზნესგარემოს ეფექტიანობის ტოლფასია.

„ძალიან მნიშნველოვანია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა და  ამ მხრივ, ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარებს მთავრობაში. საკმაოდ მოკლე პერიოდში, ჩვენ უშუალოდ სტრატეგიის პირველი „დრაფტების“ გამოქვეყნებას დავიწყებთ. ამ მხრივ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან და მაღალი რანგის ექსპერტები არიან ჩართულნი. ვთვლით, რომ  ეს ფუნდამენტური რეფორმის სტრატეგია იქნება.  ხშირად საუბრობენ რა გვინდა კომპანიების რეფორმირება თუ პრივატიზება,  მაგრამ ეს ერთმანეთის შემავსებელია, იმიტომ რომ რეფორმა იმისთვისაც გვჭირდება, რომ პრივატიზების საჭიროებისას, სწორი პრივატიზება მოხდეს. ეს რეფორმა ყველა მიმართულებას პასუხობს, მათ შორის, იმასაც,  განვსაზღვროთ,  სად, რამდენი  უნდა გვქონდეს სახელმწიფოს წილი. ხშირად სახელმწიფო ფლობს საწარმოს, ხშირად 100%-ით. მაგრამ რატომ არ შეიძლება ფლობდეს მაგალითად, 51%-ით, ან 70%-ით? ესეც ხომ საუბრის თემაა. სახელმწიფო საწარმოები არის წამახალისებელი  კაპიტალის  ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ რეფორმას მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კომპანიებზე, მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე.

 

 

Businesspartner