ეკონომიკა
20/05/2023

საქპატენტი: საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაცია მოხდება

საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაცია მოხდება, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავჯდომარის მოადგილე, ბექა დოჭვირმა განუცხადა.

კერძოდ, ქვეყანაში ევროპული პატენტების ვალიდაცია ნიშნავს, როდესაც  ევროპაში მოღვაწე გამომგონებელს ან ბიზნესს საშუალება ექნება საქართველოში თავისი გამოგონება დაიცვას იმ წესით, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია აღიარებული.

როგორც „საქპატენტის“ თავჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, ევროპული საპატენტო ორგანიზაცია ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც დაახლოებით 7 ათას ადამიანს ასაქმებს და 39 ქვეყანაა გაწევრიანებული. საქართველოს კი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნების რიცხვს შეუერთდეს, რაც შემდგომში ევროპული ბიზნესების შემოსვლას ხელს შეუწყობს.

„საქართველოში პატენტის მოპოვების ორი გზა არსებობს. ხელშეკრულების რატიფიცირებით კი მესამე გზას ვამატებთ. მისი საშუალებით ბიზნესს აღარ დასჭირდება ქვეყანაში ჩამოსვლა. შეეძლება  ევროკავშირში EPO-ს  (European Patent Office) წარმომადგენლობას მიმართოს და საქართველოში თავისი გამოგონების დაცვა თავადვე მოითხოვოს. ეს კი ბიზნესებს შეუმცირებს ხარჯს, წარმომადგენლობის ხარჯებსა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანა მოხდება. „-აცხადებს დოჭვირი.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, ევროკავშირის საპატენტო კანონმდებლობასთან  სრულ ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს და ევროპის ქვეყნების ანალოგიური იქნება.  

ცოტა ხნის წინ „საქპატენტმა“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.როგორც დოჭვირი აცხადებს, კვლევაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ევროპელი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორიცაა USAID და CLDB.

„საქპატენტმა“ შეისყიდა აუდიტორული კომპანია, რომელმაც ჩაატარა შესაბამისი კვლევა და დასკვნა დაწერა, რომელიც პარლამენტშია გაგზავნილი.  

აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნა შეიძლება საფუძველი გახდეს საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების, რომელიც ავტორებს მისცემს საშუალებას გაიგონ როგორ გროვდება მათი ჰონორარი და როგორ ნაწილდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები