ეკონომიკა
04/08/2021

სებ: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2022 წლის მეორე ნახევარში მიუახლოვდება

ეროვნულ ბანკს მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე მისვლის არ ეიმედება. 

ქვეყნის მთავარი ბანკი ინფლაციის შემცირებას მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან ელის, მიზნობრივ ნიშნულამდე დაახლოებას კი 2022 წლის მეორე ნახევარში ვარაუდობს.

ამავდროულად კობა გვენეტაძის უწყება წლევანდელ მაღალ ინფლაციას დროებითს უწოდებს, დიდწილად, საერთაშორისო ფაქტორებით გამოწვეულს.

ინფლაციური მოლოდინების დამატებითი ზრდის რისკის თავიდან ასარიდებლად კი ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკას "გამკაცრებულ პოზიციაზე" შეინარჩუნებს მოკლევადიან პერიოდში, შემდგომი ნორმალიზაცია კი, როგორც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი, დამოკიდებულია ინფლაციის მოლოდინების შემცირების ტემპზე.

გრძელვადიან პერსპექტივაში, სებ-ი განმარტავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ის ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან ნეიტრალურ განაკვეთს, რომელიც, მიმდინარე შეფასებით, 6.5%-ის ფარგლებშია. იქვე ანგარიშში განმარტებულია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ არის ეროვნული ბანკის დაპირება მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. "ის ასახავს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი საგარეო ან/და შიდა ფაქტორები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზეც მოახდენს გავლენას", - ნათქვამია ანგარიშში.

სებ-ი წელს ქვეყნის ეკონომიკის 8.5%-იან ზრდას ელის, მთავარი მამოძრავებელი ძალა კი მოხმარება იქნება, თუმცა გარკვეულ წილს შეიტანს ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი.

თუმცა ეს ყოველივე საბაზო სცენარის დაშვებაა, ალტერნატიული სცენარით ეკონომიკა შესაძლოა 10.5%-ით გაიზარდოს. ალტერნატიულ სცენარში, გაზრდილი ინფლაციური წნეხის საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამკაცრდება და გამკაცრებული პოზიცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია 2021-2022 წლებში საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 2 პპ-ით მაღალია. ამ სცენარში, პოლიტიკის მკვეთრი რეაგირება შიდა მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციას ასახავს.

პანდემიის ფონზე პროგნოზები სწრაფად იცვლება, მაგალითად ჯერ კიდევ აპრილში, სებ-ი წლის ბოლოსთვის 6.5%-იან ინფლაციას ვარაუდობდა, დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ კი აღინიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ინფალაცია საშუალოდ 9%-ზე მაღალი იქნება. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა და განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10%-მდე გაიზარდა.

Businesspartner