ეკონომიკა
08/12/2021

სებ: მაღალი ინფლაცია საქართველოსთვის ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში წლიური ინლაცია მცირედით 12.5%-მდე შემცირდა.

მთავარ ბანკი მაღალ ინფლაციურ მოლოდინზეც აცხადებს, რომელიც მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ გამოწვეულმა არაორდინარული ვითარებით ხსნის.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ინფლაცია ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული და ის კვლავ მაღალი რჩება.

"საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18%-ს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს", - განმარტავს სებ-ი.

სებ-ი ვარაუდობს, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ინფლაციის ტემპმა მცირედ, თუმცა უკან დახევა დაიწყო. წლიურმა მაჩვენებელმა 12.5% შეადგინა, ოქტომბერში კი ის 12.8%-ით განისაზღვრებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 10-დან 10.5%-მდე გაზარდა.

 

 

Businesspartner