ეკონომიკა
16/09/2020

სსფ-ს მისია: რეფორმები მნიშვნელოვანია, რათა არ დაკნინდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელა. 

მერსედეს ვერა-მარტინი განმარტავს, რომ სსფ-ს მიმდინარე პროგრამის ფარგლებში სტრუქტურული რეფორმების განხორცილება წარმატებულად მიმდინარეობდა. ივლისში პარლამენტმა დაამტკიცა კანონი საბაზისო პენსიის ინდექსირების შესახებ; უახლოეს მომავალში დამტკიცდება ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ.

"საწარმოთა გადახდისუუნარობის და ბანკების რეზოლუციების შესახებ კანონმდებლობის დროული განხორციელება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს და გაზრდის ფინანსური სექტორის მდგრადობას. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება უმნიშვნელოვანესია რათა არ დაკნინდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა", - ამბობს მისიის ხელმძღვანელი.

ამავდროულად მერსედეს ვერა-მარტინი საქართველოს ეროვნულმა ბანკის საქმიანობის შედეგებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მთავარმა ბანკმა გადადგა ნაბიჯები ეკონომიკური აქტივობისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად, მათ შორის, შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი.

“COVID-19 შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად", - აცხადებს მისიის ხელმძღვანელი.

 

“ჩვენ, სსფ-ს მისია, მადლობას ვუხდით ქვეყნის ხელისუფლებას გახსნილი და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს მაჭავარიანს, სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს, ასევე კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჩვენ, სსფ-ს მისია, ველოდებით დიალოგის გაგრძელებას სსფ-ს მიერ მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის მიზნით ამა წლის ოქტომბერში.“

Businesspartner