ეკონომიკა
21/09/2020

თბილისის თიზ-ში ქართული ფარმაცევტული კომპანია ქარხნის აშენებას გეგმავს

თბილისის თავისუფალ ინდუსტრულ ზონაში მესამე ლოჯისტიკური ცენტრი 1-2 თვეში ამოქმედდება.

„ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის მშენებლობა და მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები.

მისი განმარტებით, ამჟამად თიზ-ში არსებულ, პირველ და მეორე ლოჯისტიკურ ცენტრში ხელშეკრულება რამდენიმე კომპანიასთანაა გაფორმებული. მათ შორის არიან მედიკამენტების მწარმოებელი უკრაინული და აზერბაიჯანული კომპანიები, რომლებიც ძირითადად ექსპორტზე მუშაობენ. მესამე ლოჯისტიკურ ცენტრში დაგეგმილია ხელშეკრულებუის გაფორმება როგორც თურქულ, ისე ქართულ-იტალიურ კომპანიებთან.

ტაბიძე აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან თიზ-ში მაღალი ინტერესია. ამის მაგალითია ისიც, რომ მომავალ წელს ერთ-ერთი ქართული ფარმაცევტული კომპანია საკმაოდ დიდ ფართობზე  ქარხნის მშენებლობას გეგმავს, საიდანაც მედიკამენტების წარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე ტაბიძე კომპანიას არ აკონკრეტებს, თუმცა განმარტავს, რომ პროექტირება დაწყებულია.

„ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ჯამში სამივე ლოჯისტიკური ცენტრი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში დაახლოებით $30 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები