ეკონომიკა
27/02/2021

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების კვლავ მკვეთრად შემცირებულ შემოსავლებს.

"ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს თვეებში ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მომავალ თვეში მშპ-ის ვარდნა შემცირდება, რადგან პანდემიის ეფექტის გავლენა 2020 წლის თებერვალში გარკვეულწილად უკვე შესამჩნევი იყო. უფრო მეტიც, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგად, თებერვალში რიგი სექტორების აღდგენა აშკარაა. ასევე მოსალოდნელია, რომ მარტში კიდევ უფრო დაბალი საბაზო ეფექტისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვების შემსუბუქების გამო ეკონომიკური აქტივობა იანვართან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სეზონურად სუსტი აქტივობის გამო იანვრის მშპ მთლიანი წლის მხოლოდ 6.8%-ს შეადგენს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მშპ-ის ბოლო პროგნოზს, რომელიც 2021 წელს მშპ-ის დაახლოებით 4%-ით, ხოლო 2022 წელს 7.5%-ით აღდგენას ითვალისწინებს, უცვლელს დავტოვებთ", - განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ვარდნის ტემპი დაჩქარდა და იანვარში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ქვეყანის 4.3%-იან ეკონომიკური ზრდაა გათვალისიწნებული.

 

Businesspartner