ეკონომიკა
22/09/2020

თიზ-ები ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათებს ისევ ითხოვენ

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები „თიზ-ების შესახებ კანონში“ ცვლილებებს დაახლოებით 1 წელია ითხოვენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, საკითხი დღესაც აქტუალურია.

მისი ინფორმაციით, არსებული კანონი საკმაოდ მოძველებულია, თუმცა, მასში ცვლილებების შეტანა ვერც ფინანსთა სამინისტროსთან და ვერც ბიზნესობუდსმენთან კომუნიკაციის შედეგად ვერ მოხერხდა. 

ტაბიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ნედლეულზე შეღავათების დაწესება, რადგან  თიზ-ის კომპანიებს მეტი მოტივაცია ჰქონდეთ წარმოებაში არა იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი ნედლეული გამოიყენონ.

როგორც ტაბიძე აცხადებს, ამჟამად ადგილობრივი ნედლეულის შეტანაზე 4%-იანი გადასახადი მოქმედებს, რაც თიზ-ებისთვის დამაზარალებელია. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამოა, რომ დღეს თიზ-ში მოქმედ კომპანიებს საქართველოს ბაზართან მინიმალური შეხება  აქვთ.

„კანონში ცვლილებები კარგი იქნებოდა. იმედია, ახალი პარლამენტის პირობებში ეს საკითხი დაიძვრება“, - აცხადებს გიორგი ტაბიძე.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მთავრობის 2015 წლის დადგენილებით   გლდანში 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა.

ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს მიენიჭა. ამ დროისთვის, თბილისი თიზ-ში 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაც თავისუფალი ზონა გარკვეულ პრიორიტეტებს ანიჭებს. კერძოდ: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან; გარდა ამისა, საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და  შეტანილი  არ არის მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის ვაჭრობა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არ აქვთ თანამშრომლების პირადი საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ და გადაიხადონ დაბრუნებადი გადასახადი დღგ-ზე; ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით.

ამასთან, საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.

 

Businesspartner