ეკონომიკა
05/07/2021

ცვლილებები, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში შედის

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის და პროექტს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს. 

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებები ძირითადად სამი მიმართულებით განხორციელდება - ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და კოვიდის მართვა. 

“აპრილიდან ეკონომიკაში ჩვენ უკვე აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი გვაქვს, რაც ფაქტობრივად ყველა ეკონომიკურ პარამეტრში გამოიხატა - ეს არის ექსპორტის და იმპორტის ზრდა, ფულადი გადმორიცხვების ზრდა, საწარმოთა ბრუნვების ზრდა. აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 45%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 5 თვის ზრდა დაფიქსირდა უკვე 2 ნიშნა დონეზე, 11.5%-ის ოდენობით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება, ძირითადად სამი მიმართულებით, ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, ასევე სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, ასევე ეკონომიკის მწარმოებლურ სექტორებში ახალი პროგრამების გაჩენას. მესამე მიმართულებაა კოვიდის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ღონისძიებები“,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

მისი თქმით, პროექტის თანახმად, დეფიციტი 7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება, საგარეო ვალის მაჩვენებელი 60%-დან 54.6%-მდე მცირდება. 

“ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. რა თქმა უნდა სცენარში ასევე რჩება პოზიტიური სცენარით განვითარების შესაძლებლობა, რაც ორნიშნა დონეზეა“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. 

მინისტის განცხადებით, პოზიტიური სცენარით 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, ხოლო ვალის მაჩვენებელი 53%-მდე ჩამოვა, მშპ-სთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტი 6.2%-მდე ჩამოვა. 

პროექტის მიხედვით, შემოსავლის ნაწილი 1 175 მლნ ლარით, საიდანაც 720 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლების ზრდაა, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება. ბიუჯეტი სულ 19 498.8 მლნ ლარით განისაზღვრება.  

დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია კოვიდის მართვის ნაწილში. ჯანდაცვის ხარჯები იზრდება 446 მილიონი ლარით, ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75 მილიონი ლარი, დევნილთა სახლების უზრუნველყოფისთვის დამატებით მიიმართება 35 მილიონი ლარი.

სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამებისათვის გამოიყოფა 177 მილიონი ლარი, ეკონომიკის წარმოებული სექტორის ხელშეწყობისათვის დამატებით გათვალისწინებულია 55 მილიონი ლარი.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით გამოყოფილია 220 მილიონი ლარი.

განათლების დაფინანსება იზრდება 40 მილიონი ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება იზრდება 30 მილიონი ლარით. 

დამატებით 30 მილიონი ლარი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც მიმდინარე პროექტების დასრულებას მოხმარდება. 

“საბოლოო ჯამში აღნიშნული ცვლილებები საშუალებას მოგცემს, რომ ერთის მხრივ ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესს და ამავდროულად ეფექტურად ვმართოთ კოვიდპანდემია“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  

Businesspartner