ეკონომიკა
10/09/2020

თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ეს ხორბლის ფასზე აისახება - ლევან სილაგავა

საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგია, შესაბამისად, ხორბალსა და ფქვილზე ფასი სტაბილურია, – განუცხადა „ბიზნესპარტნორს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

მისი ინფორმაციით, დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 47-51 ლარის ფარგლებშია.

„კორონავირუსის პანდემიის შემდგომ  ხორბალი გაიაფდა, ახლა კი 7-8 აშშ დოლარით გაძვირდა. ამის გათვალისწინებით, ფასები შენარჩუნებულია. ჩვენ ყოველთვის ორი გამოწვევა გვაქვს, ესენია ნედლეულის, ხორბლის ფასი და ლარის კურსი, რადგან პროდუქტი იმპორტირებულია და შესყიდვა აშშ დოლარით ხდება. რა თქმა უნდა,  ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი გაუფასურება სერიოზული გამოწვევაა. ვაკვირდებით ლარის კურსის ცვლილებას და თუ პროცესი გრძელვადიანად გაგრძელდა, ეს ფასზე აისახება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 2 თვის მარაგია. შესაბამისად, თუ შემოვა გაძვირებული ხორბალი  პირველ ეტაპზე ხორბალის ფასი საშუალო შეწონილით განისაზღვრება.

„წინა შემოტანილი ხორბლის ფასს დაემატება ახალი, გაძვირებული ხორბლის ფასი, ასე გამოდის საშუალო შეწონილი, ანუ გაძვირდება მცირედით, თუმცა, მე ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. ძირითადი წისწვილკომბინატები, რომლებიც ქმნიან ამინდს, კრიზისულ პერიოდში მუდმივად ფრთხილობენ. მით უმეტეს, ეს არის სოციალური პროდუქტი, ლაპარაკი იქნება საშუალო შეწონილ ფასზე. არ ვფიქრობ დრამატულ გაძვირებას, თუ რამე  ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება არ მოხდა ლარის კურსთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, ასოციაციას მუდმივად კონტაქტი აქვს საკოორდინაციო საბჭოსთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. როგორც სილაგავა აცხადებს, აღნიშნულ სტრუქტრებთან ერთად გავლილია ყველა სცენარი.

„სამწუხაროდ, ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შესაბამისად, თუ ისეთი კალკულაცია მოხდა, რომ სიტუაციის  სტაბილურობას საფრთხე დაემუქრა, მაშინ სახელმწიფო აამუშავებს მექანიზმს. სავარაუდოდ, ეს იქნება ხორბლის  სუბსიდირება. თუმცა, ეს არის გრძელვადიანი საკითხი, რადგან არსებობს მარაგები და ყოველი გაძვირების შემთვევაში სტაბილიზაცია მოხდება,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.

რა იქნება სასიგნალო ნიშნული, რის შემდეგაც შესაძლოა გაიზარდოს ხორბალსა და ფქვილზე ფასები, სილაგავა აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ლარის კურსის  3.15-3.25 ნიშნული.

 

Businesspartner