ეკონომიკა
04/07/2022

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაცით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები  2021 წლის ქონების გადასახადისაგან (რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული) გათავისუფლდნენ. 

აღნიშნულ ცვლილებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

ინიციატივის თანახმად და  აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.

შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები, რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, სასმელებით მომსახურების საქმიანობები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

უწყების ინფორმაციით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

" შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები - დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება. 

ამასთან აღვნიშნავთ, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში,  პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საწარმოების/ორგანიზაციების მიერ ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის გადახდის სავადო თარიღია 15 ივნისი, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადი გადაიხდევინება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა,"-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner