ეკონომიკა
16/09/2020

ვირუსის მატების პირობებში, ფისკალური სტიმულის გარეშე, ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება

2020 წელს მშპ-ის ვარდნა 5-5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა ვირუსის მატების პირობებში, დამატებითი ფისკალური სტიმულის გარეშე, 2020 წლის ზრდა პროგნოზის ქვედა ზღვრისკენ იქნება გადახრილი, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ კვლევაში.

საინვესტიციო კომპანია ვარაუდით, 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება; ტურიზმის აღდგენამდე, ფისკალური ხარჯები ზრდის მთავარ ხელშემწყობად რჩება წლის ბოლოსათვის ინფლაცია 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

"მიუხედავად ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი, რადგან გაცვლითი კურსი კვლავ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფასების ზრდასთან მიმართებაში", - ვარაუდობენ თიბისი კაპიტალში.

საინვესტიციო კომპანიაში ელიან, რომ სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკი გააგრძელებს მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაბალანსებას; ამასთან, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების პრიორიტეტულობის პირობებში მოსალოდნელია, რომ ლარის ეფექტური და დოლარი/ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება.

კვლევის მიხედვით, დასაქმების ბაზარი მოსალოდნელზე მეტად მდგრადია. დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის მეორე კვარტალში წ/წ 2%-ით შემცირდა. ხელფასის მიმღებთა პროცენტულად მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება

Businesspartner