ენერგეტიკა
31/03/2022

2021 წელს, პირველად, გლობალური ელექტროენერგიის 10% ქარისა და მზის სადგურებმა გამოიმუშავეს

კლიმატისა და ენერგეტიკული საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, Ember-ის ახალი კვლევის თანახმად, პირველად, 2021 წელს გლობალური ელექტროენერგიის 10% ქარისა და მზის სადგურებმა გამოიმუშავეს.

კვლევის შედეგებს BBC ავრცელებს. 

Ember-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს 50 ქვეყანა თავისი ენერგიის მეათედზე მეტს სწორედ ქარისა და მზის წყაროებიდან იღებს. საერთაშორისო გამოცემა აქვე წერს, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გაიზარდა წიაღისეული საწვავით ნახშირზე მომუშავე ელექტროენერგიის წილი და ის 1985 წლის მაქსიმუმზე ავიდა. 

კვლევის თანახმად, 2021 წელს ქარის, მზისა და სხვა ე.წ სუფთა ენერგიების წილი გლობალურად გამომუშავებულ ელექტროენერგიის მაჩვენებელში 38% იყო. უშუალოდ ქარისა და მზის მიერ გამომუშავებული ენერგია კი 2015 წლის გაორმაგებულ მაჩვენებლებს უდრის. სწოერდ 2015 წელს მოეწერა ხელი პარიზის შეთანხმებას, რომელიც ჰაერის მთავარ დამაბინძურებელ ქვეყნებს ავალდებულებს, შეამცირონ გარემოში სათბურის აირების გამოყოფა და დროთა განმავლობაში ამ მიმართულებით საკუთარი ძალისხმევა გაზარდონ. 

Ember-ის ინფორმაციით, რომელსაც BBC ავრცელებს, ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე ყველაზე სწრაფად ნიდერლანდები, ავსტრალია და ვიეტნამი გადავიდნენ. სამივემ, ბოლო ორი წლის განმავლობაში წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიის მოთხოვნის მეათედი სწორედ მწვანე წყაროებზე გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვიეტნამში მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგია ბოლო 1 წელში 300%-ით გაიზარდა. 

მწვანე წყაროების მიერ ნაწარმოები ენერგიის რაოდნეობის ზრდის მიუხედავად, 2021 წელს ასევე მკვეთრად გაიზარდა წიაღისეული საწვავის მოხმარებაც. ნახშირის მოხმარების დიდი ზრდა დაფიქსირდა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში. 

BBC საერთაშორისო ექსპერტების აზრსაც ციტირებს, რომლის მიხედვით, რომ 2021 წელს ქვანახშირის მოხმარების ზრდის მიუხედავად, ძირითადი ეკონომიკები, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და კანადა მომდევნო 15 წლის განმავლობაში თავიანთი ქსელების გადატანას 100% ნახშირბადის გარეშე მომუშავე ელექტროენერგიაზე აპირებენ. 

Businesspartner